შოთა რუსთაველის მესხეთს, თამარ მეფის ვარძიას და კულინარიულად ერთ-ერთი გამორჩეულ მხარეს ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა.
,,ახალციხე ინნ’’, ინნ ჰოსფითალითის ქსელში შემავალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით და ასევე, ამოუწურავი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სასტუმროს სრული კონცეფცია მესხური მოტივების ირგვლივაა გაერთიანებული, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ინტერიერი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებითაა გაჯერებული, რომელიც მნახველთათვის ნათლად გადმოსცემს იმ ამბავს, რასაც რუსთაველის პოემა საუკუნეების განმავლობაში გვიყვებოდა და დღემდე ლეგენდარულ ამბებად რჩება.
სასტუმრო 115 ნომრისგან შედგება. პირველ სართულზე ბარისა და რესტორნის სივრცეა, რომელიც ქართული ძველებური სიტყვა "ზედაშეს’’ სახელითაა წარმოდგენილი, რაც ყურძნის მოსავლის საუკეთესო ნაწილიდან პირველ ნაწურს წარმოადგენს. გარდა ამისა, პირველივე სართულზეა ლაუნჯი, ჯავა ლაუნჯის სახით. ,,ახალციხე ინნ’’-ს აქვს ორი საკონფერენციო, რომელიც სათათბიროსა და სადარბაზოს სახელითაა ცნობილი.
გახსნის ღონისძიების ამბების მთავარმა მთხრობელმა გიორგი კეკელიძემ ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ,,ახალციხის პოლიფონია’’ და ,,რუსთაველის მსოფლიო’’. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცერემონიას ტრადიციული ცეკვა მესხურისა და მესხური მრავალჟამიერის გარეშე არ ჩაუვლია. ცხადია, ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი ძვირფასი სტუმრები: სხვადასხვა კომპანიების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სასიამოვნოდ სიმბოლურია ისიც, რომ სასტუმრო რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს.